რა ჩაიწერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივ რეკომენდაციებში საქართველოს შესახებ

00:03, 27.04.2018

ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო, სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა. ევროპარლამენტმა და საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს და თანამშრომლობას, დემოკრატიულ პრინციპსა და ანგარიშვალდებულებას, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს.

კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, ხალხისა და საზოგადოების სასარგებლოდ მოახდინოს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების სრულად შესრულება და ამ გზით უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.

ასოცირების კომიტეტმა დადებითად შეაფასა დემოკრატიული რეფორმები შემდეგ სფეროებში: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება, მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები.

ასოცირების კომიტეტს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის – საქართველოს მეტად წახალისება და რეფორმების მხარდაჭერა დიფერენცირების პრინციპის საფუძველზე.

კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოსთვის გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების ამბიციური მიზნების განსახორციელებლად. ასოცირების კომიტეტი ხაზს უსვამს სამომავლო სამუშაოების მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ამბიციური პარტნიორობის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის და ამ მიმართულებით იწონებს ახლად ინიცირებულ, ხელისუფლების ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, საქართველოს მისწრაფებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

ასოცირების კომიტეტი კვლავ იმეორებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერას და დადებითად აფასებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს. აღიარებს, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.

ევროპარლამენტის მხარე დადებითად აფასებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეუფერხებელ მიმდინარეობას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგად, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების ერთიან ევროპულ სივრცეში თავისუფალ გადაადგილებას და ქვეყნის ევროპეიზაციას.

ასოცირების კომიტეტი მორიგი სხდომისთვის საქართველოში შეიკრიბება.

 

მსგავსი