ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა „პირველი არხი სპორტზე“ - საქართველოს ნაკრები ტურნირს ესტონეთთან მატჩით იწყებს #1TVSPORT
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა „პირველი არხი სპორტზე“ - საქართველოს ნაკრები ტურნირს ესტონეთთან მატჩით იწყებს #1TVSPORT

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები 18-20 ივლისს ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს ბათუმში გამართავს.

მოახლოებულ ტურნირს გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება. ქვიშის ფეხბურთის ნაკრებს იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო დე ჩელისი უხელმძღვანელებს, რომელსაც გერმანიის, უნგრეთის, მალტისა და ნორვეგიის ნაკრებების მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება აქვს.

გათამაშებაში 8 გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები პორტუგალიის, შვეიცარიისა და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ ბელარუსი, გერმანია, ჩეხეთი და თურქეთი. საქართველოს ნაკრებმა ბათუმის ქვიშის არენაზე ტურნირის დაწყებამდე დასკვნითი ვარჯიში გამართა. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 18 ივლისს, 21:00 საათზე ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბათუმის ქვიშის არენაზე დღეში ოთხი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს „პირველი არხი სპორტი“ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებენ.