ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის B დივიზიონში მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ქვიშის ფეხბურთში ევროპის B დივიზიონის გათამაშებაში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
გუნდებმა ბოლო სამ დღეში მეორე მატჩი ჩაატარეს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩვენი გუნდი ნორვეგიას მესამე-მეოთხე ადგილისთვის შეხვდა და ტურნირი საუკეთესო სამეულში დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან ანგარიში დიაკვნიშილის გოლით გახსნა. მალე სალვესონმა წონასწორობა აღადგინა და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ. მეორე ნახევარში იგივე გამეორდა, შამილიძემ ჩვენი გუნდი დააწინაურა, ნორვეგიელმა რაშმა კი ანგარიში 2:2 გახადა. გადამწყვეტი გამოდგა მატჩის მიწურულს ლომიძის გატანილი გოლი.
ევროპის B დივიზიონის ჩემპიონი ლიეტუვა გახდა, ფინალში ბალტიისპირელებმა ჩეხეთს 3:2 მოუგეს.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 5 მატჩი გამართა. მალტა 7:1 დაამარცხა, შვედეთი – 7:3, ნორვეგიასთან თამაში კი 3:5 დათმო. ნახევარფინალში ჩვენი ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდა და 2:5 დამარცხდა, ხოლო ნორვეგიასთან მესამე ადგილისთვის 3:2 მოიგო.