ქვიშის ფეხბურთი | ევროპის ლიგა - საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ესტონეთთან გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმის ქვიშის არენაზე მიმდინარე ევროპის ლიგის A დივიზიონის პირველი მატჩი ესტონეთის წინააღმდეგ გამართა და 3:2 გაიმარჯვა.
გათამაშებაში რვა გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები, ესტონეთის გარდა, პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებები არიან. „ჯვაროსნებს“ ტურნირზე ახალი მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მასიმილიანო დე ჩელისი ხელმძღვანელობს.
ესტონეთთან შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. საქართველოს ნაკრებს მომენტების შექმნა უჭირდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 56 წამით ადრე კი სტუმრები წინ გავიდნენ – ბალტიისპირელთა კონტრშეტევა იუჰან ლილეორგმა ზუსტად დაასრულა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში შემოატრიალა. ესტონელთა მეკარე გააძევეს, თუმცა ვაჟა ივანიაძემ საჯარიმო დარტყმა (ქვიშის ფეხბურთში – პენალტი) ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს – თავი მალხაზ შამილაძემ გამოიჩინა. მალევე კი ესტონელმა რასა რასმუსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ჩვენი გუნდი წინ გავიდა.
მესამე ტაიმი (თამაში სამტაიმიანია) საქართველომ აქტიურად დაიწყო – გოჩა მახარაძემ უპირატესობა რვა წამში კიდევ უფრო გაზარდა. ესტონელებმა საბოლოოდ სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 19 ივლისს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ბათუმის ქვიშის არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.