ქვილითაიამ ქეცბაიას „ანორთოსისს“ გაუტანა და ფანები განარისხა [ვიდეო] #1TVSPORT
კვიპროსში ქვეყნის თასის გათამაშების პირველი 1/4-ფინალური შეხვედრა გაიმართა „აპოელმა“, რომელიც ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 2:1.
ფამაგუტსელთა მთავარმა მწვრთნელმა პირველ სათასო მატჩში გიორგი ლორია დაასვენა და კარში ასაფ ცური დააყენა. „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში კი ორი ქართველი იყო – თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითია.
ანგარიში მასპინძლებმა სწრაფად გახსნეს – „აპოელის“ მცველმა ბერტ ესელინკმა პირველივე წუთზე ქვილითაიას დახმარებით გაიტანა. მე-13 წუთზე ოვანეს ამბარცუმიანმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში „აპოელი“ ქვილითაიამ დააწინაურა: 52-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი ფამაგუსტელთა კარის წინ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა. მთავარი ამის შემდეგ დაიწყო: გიორგიმ თავისი ყოფილი კლუბის, „ანორთოსისის“ ფანების ტრიბუნასთან გოლი დემონსტრაციულად აღნიშნა. ოქრიაშვილი შეეცადა შეეჩერებინა. მაგრამ ქვილითაია არ გაჩერდა და ფამაგუსტელი გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ „
ანორთოსისიდან“ „
აპოელში“ გადასულ ქართველ თავდამსხმელს
ფამაგუსტელი გულშემატკივრები
აბულინგებდნენ – შესაძლოა, მიზეზი მისი მეგობრის,
ნიკა კაჭარავას გაშვება იყო, რომელიც „ანორთოსისის“ ქომაგებმა სწორედ გიორგის (მტრული გუნდის თავდამსხმელის) გოლის აღნიშვნისთვის გუნდიდან გააშვებინეს.
ფაქტია, რომ ქვილითაიამ ემოციები ვერ მოთოკა, გოლი საყვარელ სტილში იზეიმა, არწივი გამოსახა და „ანორთოსისის“ გულშემატკივრები ამან აღაშფოთა. ისინი ქართველის მეორე ყვითელ ბარათით დასჯას ითხოვდნენ (ერთი უკვე ჰქონდა მე-12 წუთზე მიღებული). განსხვავებული აზრი ჰქონდა მთავარ არბიტრს, გიორგი ნიკოლაუს, რომელმაც ქართველი თავდამსხმელი არ დასაჯა.
მწვრთნელმა ქვილითაია 66-ე წუთზე შეცვალა, ხოლო 77-ე წუთზე ოქრიაშვილიც დაასვენა. „აპოელმა“ კი გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა 2:1. განმეორებითი შეხვედრა „ანორთოსისის“ საშინაო არენაზე გაიმართება – ფამაგუსტელები „აპოელს“ ლარნაკას „ანტონის პაპადოპულოსზე“ 6 აპრილს უმასპინძლებენ.