გურამ კაშია - კაჭარავას მოვუბოდიშე, რადგან ჩემი გადაღებული ვიდეოს გამო „ანორთოსისიდან“ გაუშვეს #1TVSPORT
გურამ კაშია - კაჭარავას მოვუბოდიშე, რადგან ჩემი გადაღებული ვიდეოს გამო „ანორთოსისიდან“ გაუშვეს #1TVSPORT

ნიკა კაჭარავას „ანორთოსისისდან“ გაშვებაზე ბერძნულ გამოცემა „კერკიდამ“ გურამ კაშიას ინტერვიუ ჩამოართვა – საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ნანობს – „ინსტაგრამზე“ მის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, საბოლოოდ კაჭარავა გუნდიდან გაუშვეს.

„ფეხბურთი მიყვარს და როდესაც არ ვთამაშობ, ბევრ თამაშს ვუყურებ, განსაკუთრებით იმ გუნდებს, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები გამოდიან. როცა დრო და შესაძლებლობა მაქვს, მათი მატჩების საყურებლად მთელს ევროპაში ვმოგზაურობ. ასე რომ, „აპოელი“-„ომონიას“ ყურება ძალიან გამიხარდა, რადგან „აპოელში“ სამი ქართველი თამაშობს. ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებს მატჩის ერთად ყურება ვთხოვე და კაჭარავა ერთ-ერთი მათგანი იყო. უნდა ითქვას, რომ პირველად ვუყურებ კვიპროსის ჩემპიონატის მატჩს სტადიონიდან და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით გამიხარდა ქვილითაიას გოლი, რომელმაც თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. სოციალურ ქსელებს ხშირად ვიყენებ მათ ჩემი გრძნობებისა და აზრების გამოსახატავად და ასე მოვიქეცი ამ მატჩის დროსაც. ასე რომ, ჩემს მიერ დადებულ ერთ-ერთ ვიდეოში თითქოს ვზეიმობ, კაჭარავას კი ჩემს აღნიშვნაზე ეღიმება, რადგან ამას ბავშვივით ვაკეთებდი“, – ამბობს გურამ კაშია.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი მომხდარში თავს დამნაშავედ გრძნობს.

„ნიკა ყველაზე ცუდი სახით დაისაჯა, რადგან ჩემი გადაღებული ვიდეოს გამო სამსახური დაკარგა. კაჭარავას ამბავი შოკისმომგვრელი იყო. წარსულში მსგავსი რამ განმიცდია. კონკრეტულად, ორი წლის წინ მოხდა ინციდენტი ეროვნულ ნაკრებში, როდესაც ასობით ადამიანმა სთხოვა ფედერაციას ჩემი ნაკრებიდან გარიცხვა, მაგრამ ყველა ჩემი თანაგუნდელი და თავად ფედერაცია ფარად დამიდგა. ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ საბოლოოდ ეროვნულში დავრჩი. მაგრამ გამიკვირდა, სტადიონზე მომხდარმა ასეთმა წვრილმანმა როგორ შეიძლება გუნდში ისეთივე შიში გამოიწვიოს, რომ ფანების მოთხოვნით ფეხბურთელი სამსახურიდან გაუშვან. ჩვენ, ქართველებს ერთმანეთის წარმატებები გვიხარია. ასე რომ, ქვილითაიას ეს გოლი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სასიხარულო იყო და ვიმეორებ, კაჭარავამ ისე არ იზეიმა, როგორც გულშემატკივრებს ეგონათ, არამედ მხოლოდ გამიღიმა. ნიკას არაფერი დაუშავებია. ძალიან გამიკვირდა გუნდის პოზიცია და უსამართლოდ მიმაჩნია ის გადაწყვეტილება, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიღეს“.

მან ბერძნულ გამოცემასთან ქართველებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ერთმანეთის წარმატებები გვიხარია, განსაკუთრებით სპორტში. თუ ვხედავთ, რომ ვინმე რომელიმე სახეობაში წარმატებებს აღწევს, ეს ნამდვილად გვიხარია. ვფიქრობ, ეს დიდწილად ჩვენი მენტალიტეტითა და იმით არის განპირობებული, რომ როგორც ხალხი, პატრიოტები ვართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თანამემამულეების მიღწევებით ვამაყობთ. სადაც არ უნდა წავიდეთ, ხაზს ვუსვამთ, რომ ქართველები ვართ. ისიც მახსოვს, როცა „ანორთოსისმა“ თასი მოიგო, ქართველ ფეხბურთელებს ხელში ქართული დროშები ეჭირათ და მათი წარმატება ყველას გვიხაროდა. თუ ნაკრების ფეხბურთელი და არა მარტო რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწევს, ვულოცავთ ერთმანეთს. ეს არის ის, რაც ჩვენს კულტურაში ღრმად არის ფესვგადგმული. ასე გავიზარდეთ და ქვილითაიას გოლის გარშემო ატეხილი ხმაური ამიტომ გამიკვირდა. ჩვენ უფრო კმაყოფილი ვართ ჩვენი თანამემამულის გოლით, ვიდრე გუნდის გოლით ან წარმატებით“.