„ანორთოსისის“ ფანები კაჭარავას გაშვებას ითხოვენ - მეტოქის გოლს არასდროს ვიზეიმებ და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც უკმაყოფილოა #1TVSPORT
„ანორთოსისის“ ფანები კაჭარავას გაშვებას ითხოვენ - მეტოქის გოლს არასდროს ვიზეიმებ და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც უკმაყოფილოა #1TVSPORT

ნიკა კაჭარავა სრულიად უწყინარი ვიდეოს გამო უსიამოვნებაში აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ნიკა და გურამ კაშია ერთად იყვნენ ნიქოზიას სტადიონზე, სადაც გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და მურთაზ დაუშვილის „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონს, „ომონიას“ შეხვდა და დაამარცხა.

ქვილითაიამ მეტოქეს გოლიც გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. კაშიამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა კაჭარავასთან ერთად გადაღებული ვიდეო, სადაც მეგობრის გოლს აღნიშნავდა. ამან „ანორთოსისის“ ფანები გააღიზიანა, რადგან „აპოელი“ მათი პრინციპული მეტოქეა და მტრულად განწყობილი გუნდის წარმატების აღნიშვნის გამო ქართველი თავდამსხმელის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

„ანორთოსისის“ გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ქართველ თავდამსხმელს გუნდის სტადიონზე აღარ შეუშვებენ და რომ მას უცხო სხეულად მიიჩნევენ.

„ჩვენ იძულებულნი ვართ დავიკავოთ უჩვეულო პოზიცია იმ ადამიანების გამო, რომლებიც აღშფოთებულნი არიან ჩვენი უკვე ყოფილი ფეხბურთის ქმედებით. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მათთან, ვინც საკითხი უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს ყველასთვის, კაჭარავას ვუგზავნით შემდეგ გზავნილს „ანორთოსისის“ ფანებისგან – ის ჩვენთვის „ანორთოსისის“ მოთამაშე აღარაა. მის მიმართ არანაირი გულმოწყალება აღარ იქნება“, – წერია „ანორთოსისის“ გულშემატკივართა განცხადებაში.

ნიკა კაჭარავამ მომხდარზე კომენტარი გააკეთა და ფანებს ბოდიში მოუხადა: 

„მინდა, გავაკეთო განცხადება „აპოელი“-„ომონიას“ მატჩის დროს გადაღებულ ვიდეოზე. სტადიონზე ჩემი ნაკრების კაპიტანთან და თანაგუნდელთან ერთად ვიყავი და მან ქვილითაიას გოლი აღნიშნა. უბრალოდ გავუღიმე, რადგან ბავშვივით ზეიმობდა. მეტოქე გუნდის გოლს არასდროს ვიზეიმებ და „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს პატივს ვცემ. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც უკმაყოფილოა ამ ვიდეოთი“.