ქვილითაია „ანორთოსისს“ დაემშვიდობა - მადლობა ყველას, ვინც ოჯახის წევრად მიმიღო და ადაპტაციაში დამეხმარა #1TVSPORT
ქვილითაია „ანორთოსისს“ დაემშვიდობა - მადლობა ყველას, ვინც ოჯახის წევრად მიმიღო და ადაპტაციაში დამეხმარა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ მადლობა გადაუხადა ფამაგუსტელ გულშემატკივრებს, რომლებმაც თასის ფინალში „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებაში (2:1) დიდი როლი ითამაშეს. 

„მიხარია, რომ სეზონი ტიტულით დავამთავრეთ! სეზონის განმავლობაში იყო კარგი და ცუდი მომენტები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს რთული სეზონი თასის მოპოვებით დავასრულეთ, უდიდესი სიხარულია! მინდა ეს გამარჯვება ყველას მივუძღვნა და მადლობა გადაგიხადოთ ემოციური მხარდაჭერისთვის, რომელიც ფინალში მივიღეთ – ამან დიდი როლი ითამაშა ჩვენს მოტივაციაში, მოგვცა ძალა და დაგვეხმარა, რომ თასი ლარნაკაში ჩამოგვეტანა. მადლობა მინდა გადავუხადო „ანორთოსისის“ თითოეულ წევრს, ვინც ოჯახის წევრად მიმიღო და ადაპტაციაში დამეხმარა. მადლობა ჩვენს ტექნიკურ გუნდს, მე ყოველთვის მჯეროდა მათი 100% და ეს დეტალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს კვიპროსელ გულშემატკივრებს, მათი მტკიცე მხარდაჭერა სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში“.

ამით გიორგი ქვილითაია გუნდს დაემშვიდობა, რადგან მას „ანორთოსისთან“ იჯარის ვადა დაუსრულდა და „გენტში“ დაბრუნდება. ბელგიური კლუბი თავდამსხმელის გამოსასყიდ ფასად 500 ათას ევროს ასახელებს და ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ „ანორთოსისმა“ ეს თანხა გადაიხადოს.