შესაძლოა, „ანორთოსისში“ კაშია და გვილია გადავიდნენ #1TVSPORT
შესაძლოა, „ანორთოსისში“ კაშია და გვილია გადავიდნენ #1TVSPORT

თემურ ქეცბაია ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას აპირებს, ამ სიაში კი ორი ქართველი მოიაზრება – გურამ კაშია და ვაკო გვილია.

goal.ge – ის გავრცელებული ცნობების თანახმად, ევროსარბიელზე დაბრუნებული „ანორთოსისი“ დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, რაშიც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ქეცბაიას თანამემამულეების იმედი აქვს. ინფორმაციას კვიპროსული მედიაც ადასტურებს.

ცნობილია, რომ კლუბი ქართველ მწვრთნელთან თანამშრომლობის განახლებას გეგმავს, მაგრამ კონტრაქტი არ გაფორმებულა, რადგან ქეცბაია კლუბის ბიუჯეტის ზრდას ელოდება, რათა ახალ სეზონში „ანორთოსისმა“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეძლოს.

ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშის დამატება – გურამ კაშია (33 წლის) და ვაკო გვილიას (26 წლის). გვილია რამდენიმე დღის წინ ვარშავის „ლეგიიდან“ გაათავისუფლეს, ხოლო კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია, მაგრამ იანვარში ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მალე თავისუფალი აგენტი გახდება.

„ანორთოსისში“ ამჟამად თამაშობენ გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია, მაგრამ ოქრიაშვილი წასვლას აპირებს, ხოლო ქვილითაიას ერთწლიანი იჯარა დაუსრულდა და ბელგიის „გენტში“ დაბრუნდება.