ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის როლის შესახებ თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის როლის შესახებ თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია – „ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ მიმდინარეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, ხაზი გაესვას გადახდისუუნარობის გამართული სისტემის მნიშვნელობას ეკონომიკისთვის, თუ რა კავშირია გადახდისუუნარობის სხვადასხვა მექანიზმსა და კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებს შორის. ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციას შედეგად უნდა მოჰყვეს ბიზნესის ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნანა ამისულაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ, კერძო სექტორთან ერთად შეიმუშავა გადახდისუუნარობის მარეგულირებელი კანონპროექტი – გადახდისუუნარობის საქმის წარმობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად მომგებიანი კომპანიების გადარჩენას და არამომგებიანი კომპანიების რესურსების გადაადგილებას. კანონპროექტზე მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნანა ამისულაშვილის თქმით, სწრაფი და იაფი გადახდისუუნარობის პროცედურები ხელს შეუწყობს ბიზნესის დროულად დაბრუნებას ნორმალურ სამუშაო რეჟიმში და გაზრდის კრედიტორთა დაკმაყოფილების მაჩვენებელს.

მისივე განცხადებით, აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების, ისე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის.