ქვეყანაში შემოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის ხანგრძლივობა მცირდება
ქვეყანაში შემოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის ხანგრძლივობა მცირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები მსუბუქდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ „პისიარ“-ტესტის უარყოფითი პასუხი და რვადღიანი იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით გაიკეთონ განმეორებითი ტესტი.

ამასთან, როგორც თურნავამ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ წარადგენენ „პისიარ“-ტესტის პასუხს, 12 დღის ნაცვლად, რვადღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

„მოგეხსენებათ, პირველი თებერვლიდან ხდება რეგულარული ფრენების აღდგენა. შესაბამისად, ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის გადახედვაზე. უფრო კონკრეტულად, ხდება შემსუბუქება, რაც ხელს შეგვიწყობს რეგულარული ფრენების აღდგენის პირობებში, ყველა ეპიდემიოლოგიური წესის დაცვით, თანდათან ავამოქმედოთ ტურისტული პოტენციალი.

დღემდე საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ან ნეგატიური „პისიარ“-ტესტით და ამ შემთხვევაში რვადღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან თუ მათ არ აქვთ „პისიარ“-ტესტი წარდგენილი, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან. პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება – შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური „პისიარ“-ტესტით და ძველებურად რვადღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი „პისიარ“-ტესტი ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში, თავისუფლები არიან თვითიზოლაციიდან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც არ ექნება ნეგატიური „პისიარ“-ტესტი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, რვადღიანი თვითიზოლაცია წესდება“, – განაცხადა თურნავამ.

დატოვე კომენტარი