ქვემო ბოლნისში აღმოჩენილი 3000 წლის წინანდელი სპილენძის სადნობი სახელოსნო აჩვენებს, როგორ ისწავლეს ადამიანებმა რკინის გამოდნობა — #1tvმეცნიერება
რკინის ხანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა იყო კაცობრიობის ისტორიაში; უდიდესი ინტერესის საგანია, როგორ დატოვა ადამიანმა ბრინჯაოს ხანა და შეაბიჯა რკინის ხანაში. ამ კითხვაზე პასუხი მეცნიერებმა სავარაუდოდ მიაგნეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში, 3000 წლის წინანდელი სადნობ სახელოსნოში.
ეს ძეგლი ადრეც შესწავლილი იყო, მაგრამ ბრიტანეთის კრენფილდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიურ არქეოლოგებს, ნათანიელ ერბ-სატულიოს და ბობი კლიმჩუკს მტკიცებულებების ახლებურად გადახედვა სურდათ.
ადგილზე აღმოჩენილი დიდი ოდენობით ჰემატიტისა (რკინის ოქსიდის მინერალი) წიდის (დნობის ნარჩენი პროდუქტი) გამო, აქამდე მიიჩნეოდა, რომ ამ ადგილას უძველეს ხანაში რკინა იწარმოებოდა.
ქიმიური ანალიზის ტექნიკისა და მიკროსკოპული ვიზუალიზაციის გამოყენებით, მკვლევრები განსხვავებულ დასკვნამდე მივიდნენ — რკინის ოქსიდს სინამდვილეში სარჩილ ფლუსად იყენებდნენ, ნივთიერებად, რომელსაც დნობის ღუმლებში ამ შემთხვევაში სპილენძის წარმოების გასაუმჯობესებლად იყენებდნენ.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რკინა სპილენძის სადნობებში ექსპერიმენტების შედეგად აღმოაჩინეს და სულაც არ შემუშავებულა განცალკევებულად. ამაზე მეცნიერები ჰიპოთეზის დონეზე ადრეც ეჭვობდნენ, მაგრამ დასადასტურებლად არ გააჩნდათ პირდაპირი ბევრი პირდაპირი მტკიცებულება.
„ეს გახალავთ სპილენძის დნობის პროცესში რკინის მიზანმიმართულად გამოყენების მტკიცებულება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რკინის მდნობელებმა გაიცნეს რკინის ოქსიდი — გეოლოგიური ნაერთები, რომლებიც საბოლოოდ მადნად უნდა გამოეყენებინათ რკინის, როგორც ცალკე მასალის დნობისთვის და ღუმელში ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ მისი თვისებების შესახებ. მისი აქ გამოყენება მიუთითებს, რომ სპილენძზე მომუშავეთა მიერ ჩატარებული ამ სახის ექსპერიმენტები გადამწყვეტი იყო რკინის მეტალურგიის განვითარებისთვის “, — აღნიშნავს ერბ-სტულიო.

რკინის ხანა დაახლოებით 700 წელიწადს გაგრძელდა და კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რყევების პერიოდი იყო. სოფლის მეურნეობა უფრო ეფექტიანი გახდა, ბრძოლები უფრო ბრუტალური და ამ მტკიცე, გამძლე მეტალით შეიქმნა ახალი ხელსაწყოები.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი ადგილია და რკინის წარმოება სავარაუდოდ სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად უნდა განვითარებულიყო. თუმცა, მკვლევრები აწარმოებენ შედარებებს სხვა მსგავს ადგილებთან, მათ შორის ისრაელში არსებულ ერთ-ერთთან.

ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ის ფაქტი, რომ რკინის შემცველი მინერალები ხშირად გვხვდება იმავე ადგილებში, სადაც სპილენძის საბადოებია, რაც მეტად სავარაუდოს ხდის, რომ სპილენძის დნობის პროცესები რეგულარულად მოიცავდა რკინის ელემენტებსაც.
„რკინა მსოფლიოს უმთავრესი ინდუსტრიული ლითონია, მაგრამ წერილობითი ჩანაწერების ნაკლებობამ, რკინის მიდრეკილებამ დაჟანგვისკენ და რკინის წარმოების ადგილების კვლევის ნაკლებობამ მისი წარმომავლობის კვლევა ფრიად გაართულა. სწორედ ამიტომ არის ქვემო ბოლნისის ძეგლი ასე ამაღელვებელი“, — ამბობს ერბ-სატულიო.
ისტორიის ეს პერიოდი ნამდვილად მომაჯადოებელია და ამავე დროს, მუდმივად გადაფასების პროცესშია. ეპოქებს შორის გარდამავალი პერიოდის განხილვისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორების მთელი რიგი, მათ შორის მიწოდების მარშრუტები, სავაჭრო გარიგებები და პოლიტიკური არეულობა.
ანალიზის ტექნიკა და ხელსაწყოები მუდმივად უმჯობესდება, რაც მკვლევრებს აძლევს მიზეზს, რომ არქეოლოგიურ საიტებს უკან მიუბრუნდნენ და ხელახლა შეისწავლონ — ამის მაგალითია ქვემო ბოლნისი, რომელმაც ახალი საიდუმლოები პირველი აღმოჩენიდან ათწლეულების შემდეგ გაგვიმხილა.
„ამ სახის კვლევებში მშვენიერი სიმეტრიაა, რომელშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ თანამედროვე გეოლოგიის ტექნოლოგიები და მასალათმცოდნეობა, რათა შევაღწიოთ უძველეს მასალათმცოდნეთა გონებაში. თანაც, ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ წიდის ანალიზით — ჩვეულებრივი ნარჩენი მასალის, რომელიც უცნაური შესახედაობის ქვის ნატეხებს ჰგავს“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ბრიტანეთის კრენფილდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიური არქეოლოგი ნათანიელ ერბ-სატულიო.
კვლევა Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია cranfield.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.