ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საფიჩხიის უბანთან დამაკავშირებელი მთავარი ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი სადენებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელის მიწის ქვეშ განთავსებას გულისხმობს. ამასთანავე, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, მთლიანად მოასფალტდება ქუჩა და დაიხაზება შესაბამისი ნიშნულებით. თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საქმილსადენმშენი“ შეასრულებს. პროექტის ღირებულება მილიონ 56 000 ლარია. სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს.

„თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე აუცილებელი და გადაუდებელი იყო. წლებია, აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ასევე გართულებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა. ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, სამი თვით გადაიკეტება თბილისის ქუჩის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი.