ქუთაისის „ტორპედო“ მიხეილ აშვეთიამ დატოვა – ინფორმაცია გუნდის მთავარი მწვრთნელის გადადგომის შესახებ თავად „ტორპედოს“ პრესსამსახურში დაადასტურეს.
„მიხეილ აშვეთიამ მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გააცნო. ის გუნდში 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ასევე 2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად. კლუბი მადლობას უხდის მიხეილ აშვეთიას და წარმატებებს უსურვებს მას მომავალ საქმიანობაში,“ – წერია კლუბის განცხადებაში.
საქართველოს თასის 1/16-ფინალში ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის „მერანთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ამავე დროს, გუნდი ეროვნული ლიგის პირველი წრის შემდეგ ხუთი ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა და ერთადერთია ლიგაში, რომელსაც ცხრა მატჩიდან ჯერ ერთიც არ მოუგია.
გავრცელებული ცნობის მიხედვით, ქუთაისის „ტორპედო“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, აშვეთიას შესაძლო შემცვლელ კანდიდატებთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.