საქართველოს თასი | „სიონმა“ „სამტრედიას“ გამარჯვება დამატებით დროში გამოგლიჯა, „ტორპედო“ პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს თასი | „სიონმა“ „სამტრედიას“ გამარჯვება დამატებით დროში გამოგლიჯა, „ტორპედო“ პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16-ფინალური შეხვედრები დასრულდა. „ლოკომოტივმა“ თბილისის „მერანი“ სტუმრად 5:2 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდიდან ირაკლი სიხარულიძემ (44 წთ, 57 წთ) დუბლი შეასრულა, თავი გამოიჩინეს გიორგი ქველაძემ (14 წთ), მამია გავაშელიშვილმა (40 წთ) და გივი მუკბანიანმა (71 წთ), ხოლო „მერანიდან“ გოგი ფიფიამ (30 წთ) და ზურაბ ღირდალაძემ (78 წთ) გამოიჩინეს.

გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯია 2-მა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა. გორელების მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა ორი პენალტი მოიგერია, ერთი თავად დაარტყა და ააცილა, ბოლო დარტყმა კი „დილას“ ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ ზუსტად შეასრულა და სტუმრებმა 7:6 მოიგეს.

ასევე თერთმეტმეტრიანების სერიაში გაირკვა მარტვილის „მერანისა“ ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გამარჯვებული. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი მარტვილელებმა 3:1 მოიგეს და თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის გუნდი გამოეთიშა.

დაძაბული გამოდგა ბოლნისში „სიონისა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირება. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ (ირაკლი რუხაძე – 33 წთ, ანდრო გიორგაძე – 71 წთ), მაგრამ ბოლნისელებმა ორივეჯერ წონასწორობა აღადგინეს (ლაშა უგრეხელიძე – 52 წთ, გიორგი კორიფაძე – 86 წთ, პენალტი), დამატებულ დროში კი ლაშა უგრეხელიძემ (97 წთ) დუბლი შეასრულა და „სიონი“ დააწინაურა, ირაკლი ბურნაძემ (108 წთ) კი მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა და ბოლნისელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

 

1/16 ფინალი

შუქურა – დინამო თბილისი 1:0

მერანი თბილისი – ლოკომოტივი 2:5

საბურთალო 2 – გარეჯი 2:5

რუსთავი – ბათუმის დინამო 0:2

სამგურალი 2 – თელავი 1:3

გაგრა – ზუგდიდის დინამო 5:2

სიონი – სამტრედია 4:2

ვიტ ჯორჯია 2 – დილა 0:0 (პენალტების სერია 6:7)

მარტვილის მერანი – ტორპედო 0:0 (პენალტების სერია 3:1)

დატოვე კომენტარი