„შუქურამ“ თბილისის „დინამო“ თასიდან გამოაგდო - უცნაური სიტუაცია ჩელებაძის პენალტისას [ვიდეო] #1TVSPORT
„შუქურამ“ თბილისის „დინამო“ თასიდან გამოაგდო - უცნაური სიტუაცია ჩელებაძის პენალტისას [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16-ფინალური შეხვედრა ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ გაიმართა – ქობულეთის „შუქურამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა.

თამაში „დინამო თბილისმა“ კარგად დაიწყო და საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლა. მეორე ტაიმი ქობულეთელებმა ძალიან კარგად ჩაატარეს და ანგარიში 53-ე წუთზე გახსნეს. კუთხურის შესრულების შემდეგ შალვა ექვთიმიშვილმა ზუსტი დარტყმით კარი აიღო – 1:0.

74-ე წუთზე ისეთი რამ მოხდა, მრავლისმნახველი გულშემატკივარიც რომ ვერ გაიხსენებდა. ქობულეთელებს ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდათ – თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, გიორგი ჩელებაძემ პაუზა გააკეთა და გაიტანა. თუმცა, მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა გოლი არ ჩათვალა და ჩელებაძეს ყვითელი ბარათი აჩვენა. მისი აზრით, ქობულეთელთა შემტევი დარტყმამდე ბურთს შეეხო. ფაქტია, რომ მსგავსი შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდანაც არ გაგვახსენდება და ამან „შუქურას“ პროტესტი გამოიწვია.

საბოლოოდ, ქობულეთელებმა შეხვედრა მოიგეს და პატარა სენსაციის ავტორები გახდნენ – 1:0 და „შუქურა” 1/8-ფინალშია.