ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი - მჯერა, დირკ შუსტერი „ტორპედოს“ სხვა ეტაპზე გადასაყვანად არის ჩამოსული #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე იმედოვნებს, რომ, რთული დასაწყისის მიუხედავად, გერმანელი მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი გუნდის ახალ საფეხურზე აყვანას შეძლებს.
„დარწმუნებული ვარ როგორც მის კვალიფიკაციაში, ისე მის მონდომებაში და მჯერა, რომ „ტორპედოს“ სხვა ეტაპზე გადასაყვანად არის ჩამოსული“, – ამბობს დავით კერესელიძე.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი კი იმედოვნებს, რომ ეროვნულ ლიგაში ცუდი სტარტის შემდეგ ტყიბულის „მეშახტესთან“ დამაჯერებელი გამარჯვება (3:0) სეზონში გარდამტეხი მომენტი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი მძიმედ დავიწყეთ – რამდენიმე თამაში წავაგეთ და მხოლოდ ერთი მოვიგეთ. თუმცა ბოლო შეხვედრაში (ტყიბულის „მეშახტესთან“) დიდი ანგარიშით მოგება, ვფიქრობ, დიდ ძალას და მეტ შემართებას მოგვცემს, რომ შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო მეტად გამოვიჩინოთ თავი“, – ამბობს ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელი.
ეროვნულ ლიგაში გამართულ 5 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და 6 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.