ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი – დარწმუნებული ვარ, შედეგი აუცილებლად მოვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ საქართველოს პირველ არხთან გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისელები კონფერენსლიგაზე აზერბაიჯანულ „ზირას“ დაუპირისპირდება.
„კონფერენსლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. სხვა ქართულ გუდნებთან შედარებით ჩვენ უფრო რთული მეტოქე შეგვხვდა. ამიტომ მეტი მოგვეთხოვება.
გიორგი არაბიძის დაბრუნებამ, დიეგო დეისაძის და დათო ბუკიას მოსვლამ „ტორპედო“ გააძლიერა. რაც შეეხება ლეგიონერებს, ვირჯილ პინსონის ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორი წლის წინ „ნოა“ ჯგუფურ ეტაპზე სწორედ მან გაიყვანა. არ გამოვრიცხავ, რომ წელს კიდევ ვინმე დავიმატოთ, კონკრეტული პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობაც მიდის.
მე პერფექციონისტი ვარ, კმაყოფილი არ ვარ. სუპერთასის ფინალში „იბერიასთან“ გამოჩნდა, რომელ პოზიციაზე გვიჭირს. მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და დარწმუნებული ვარ, შედეგი აუცილებლად მოვა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით კერესელიძემ.
კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო“ აზერბაიჯანულ „ზირას“ 8 ივლისს სუმგაითში დაუპირისპირდება, ხოლო 16 ივლისს ქუთაისში უმასპინძლებს.