ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგიონერები ავღანეთის ნაკრებში მიიწვიეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგიონერები ავღანეთის ნაკრებში მიიწვიეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ორი ლეგიონერი ავღანეთის ნაკრებში გამოიძახეს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩებისთვის მოემზადებიან – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„ავღანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩვენი გუნდის ორი ფეხბურთელი, რაჰმატ აკბარი და ომრან ჰაიდარი გამოიძახეს. კლუბი ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ჩვენს ლეგიონერებს“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ავღანელები 12 და 17 ოქტომბერს მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

რახმატ აკბარი ავღანეთშია დაბადებული, მაგრამ ამავე დროს ავსტრალიის მოქალაქეა. 23 წლის ნახევარმცველი დაიბადა ჯაგორში (ავღანეთი), ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა პაკისტანში, ხოლო 2005 წელს ოჯახთან ერთად ავსტრალიაში წავიდა ემიგრაციაში და ავსტრალიის მოქალაქეობაც მიიღო. უთამაშია ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებშიც. ავღანეთის ეროვნულ გუნდში 2023 წლიდან იწვევენ და მისი ფორმით ერთი მატჩი ჩაატარა.

„ტორპედოს“ მეორე ავღანელი მოთამაშე, ომრან ჰაიდარი 25 წლისაა. ნიდერლანდებში დაბადებული თავდამსხმელი „როდას“ ახალგაზრდულ გუნდში იზრდებოდა. 2017 წლის ივლისში „ემენში“ გადავიდა, ხოლო 2018 წლის 1 ივლისს კი – „დორდრეხტში“.

ომრან ჰაიდარი ავღანეთის ნაკრებში 2018 წელს მიიწვიეს და 19 აგვისტოს სადებიუტო შეხვედრა პალესტინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (0:0) ჩაატარა.