ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები გადაუდგნენ – ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას იქამდე, სანამ მწვრთნელი არ შეიცვლება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები სტადიონზე აღარ ივლიან, სანამ გუნდის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს – ამის შესახებ ქუთაისელთა ფან-კლუბმა განცხადება გაავრცელა.
„ერთი წლის წინ, როცა შუსტერის გაშვებას ვითხოვდით, პროტესტის ნიშნად რამდენიმე შეხვედრაში ტრიბუნა დავტოვეთ. შემდეგ ვისაუბრეთ კლუბის ხელმძღვანელობასთან და გუნდის კაპიტანთან. პატივი ვეცით მათ სიტყვას, გადავდგით ნაბიჯი უკან და დავბრუნდით ტრიბუნაზე, რადგან გვჯეროდა, რომ „ტორპედოს“ ინტერესები ყველაფერზე მაღლა იდგა და ვითარება გამოსწორდებოდა.
დღეს, ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა – ყველაფერი უფრო უარესობისკენ წავიდა.
დღეს „ტორპედო“ არ ჰგავს იმ გუნდს, რომელსაც ეს ქალაქი იმსახურებს. გადახედეთ შემადგენლობას, არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავს, მაგრამ მოედანზე არ ჩანს არც იდეა, არც ტაქტიკა, არც ხასიათი, არც ბრძოლა და გუნდი ყოველ მატჩში ქაოსურად გამოიყურება.
„ზირასთან“ ორი მატჩის ჯამში 0:6 ეს მხოლოდ მარცხი არ არის. ეს არის სირცხვილი, რომელიც თითოეულ „ტორპედოელს“ გულში გვირტყამს! ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო. გვეგონა, ამის შემდეგ მაინც მიიღებდა ხელმძღვანელობა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისევ დუმილი ვიხილეთ.
ამ მწვრთნელის ხელში „ტორპედოს“ მომავალი განწირულია. ამას აღარ ამბობს მხოლოდ ტრიბუნა, ამას ამბობს მთელი ქუთაისი. ვტოვებთ ტრიბუნას და ვტოვებთ იქამდე, სანამ „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება და გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება.
შარშან ბევრი რამ გავითვალისწინეთ და დავბრუნდით დღეს კი ფაქტია, რომ ყველამ თავი მოვიტყუეთ. ჩვენი პოზიცია საბოლოოა, რომელსაც არანაირი დაპირება და არანაირი თხოვნა აღარ შეცვლის. წესით არჩევანის გაკეთება მარტივი უნდა იყოს. ერთ მხარეს შუსტერია, მეორე მხარეს კი „ტორპედო“, ფანები და ქუთაისი. სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული როგორი იქნება „ტორპედოს“ მომავალი“, – წერია გულშემატკივრების განცხადებაში.