ქუთაისის „ტორპედოს“ დირექტორი – საზონოვის ტრანსფერზე „ტორინოს“ შევუთანხმდით, მაგრამ მერე ვითარება შეიცვალა #1TVSPORT
საბა საზონოვის ტრანსფერზე „ტორპედო“ იტალიის სერია A-ს „ტორინოს“ ზამთარში შეუთანხმდა, მაგრამ მერე ვითარება შეიცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ქუთაისური კლუბის გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ განაცხადა.
„მიზანი ისეთი უცხოელების თუ ქართველების დამატებაა, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ. მალე გულშემატკივრებს კარგ ლეგიონერს წარვუდგენთ. ზოგადად, ჩვენი პრიორიტეტი ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეების დამატება იყო და მომავალშიც ასე იქნება.
გვქონდა თუ არა მოლაპარაკება საბა საზონოვთან? საბას ზამთარში გუნდის პრეზიდენტი, დათო კერესელიძე და მე ვესაუბრეთ, „ტორინოსთანაც“ შეთანხმება გვქონდა და ტრანსფერს საბას ხელმოწერაღა აკლდა.
„ტორინოსთან“ იყო სატრანსფერო შეთანხმება და არა იჯარა და საბა „ტორპედოში“ გადმოვიდოდა. მაგრამ საბოლოოდ კლუბი და მოთამაშე ერთმანეთში ვერ დალაგდნენ. ახლა, „ტორინოსთან“ ურთიერთობა გაწყვიტა და ვნახავთ ჩვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდება“, – განაცხადა „ტორპედოს“ დირექტორმა.