ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილი გაინაღდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „დინამო თბილისი“ შინ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუზავდა – 2:2. თბილისელებიდან თავი ბარნს ოსეიმ და ნანა კოფი დონკორმა გამოიჩინეს, ხოლო სტუმრებიდან – ბიორნ იონსენმა, ნიკა ნინუამ კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
წყალტუბოში „სამგურალმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 4:0 სძლია. ლაშა შერგელაშვილმა 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 12 წუთში მისი გადაცემით სტუმართა კარი დემურ ჩიხლაძემ აიღო, 82-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე ველისოლმა დააფიქსირა.
ქუთაისის „ტორპედომ“ 60 ქულა დააგროვა და სეზონს მესამე ადგილზე და ბრინჯაოს მედლებით დაასრულებს. ქუთაისელებს ვეღარ დაეწევა „დინამო თბილისი“ (56), რომელიც მე-4 პოზიციას დასჯერდა. „სამგურალმა“ (42) და ბათუმის „დინამომ“ (40) კი ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.
35-ე ტურის დარჩენილი ერთი მატჩი ხვალ თბილისში, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.
1 დეკემბერი. 19:00
„გაგრა“ – „თელავი“