ქუთაისის „ტორპედო“ პლეი-ოფს ისევ „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს
ქუთაისის „ტორპედო“ პლეი-ოფს ისევ „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს

ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასული ქუთაისის „ტორპედო“ ბულგარულ „ლუდოგორეცს“ ისევ თბილისში შეხვდება.

უეფა-ში გამართული წილისყრით წინასწარ იყო ცნობილი, რომ პირველი მატჩის მასპინძელი 23 აგვისტოს „ტორპედო“ უნდა ყოფილიყო, ხოლო 30 აგვისტოს მატჩი ბულგარეთში რაზგრადის „ლოდოგორეც არენაზე“ ჩატარდებოდა.

ბოლო მომენტამდე ცნობილი იყო, რომ პლეი-ოფის ეტაპის თამაშის ჩატარება საქართველოში მხოლოდ „დინამო-არენაზე“ იყო შესაძლებელი – მსგავსი დონის მასპინძლობის უფლება სხვა ქართულ სტადიონებს არ ჰქონდათ.

თუმცა, გაირკვა, რომ „ტორპედო“ „ლუდოგორეცსაც“ „მიხეილ მესხზე“ მიიღებს, ისევე როგორც ალბანურ „კუკესს“. ბოლო ინფორმაციით, 23 აგვისტოს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.