ქუთაისის „ტორპედო“ – ხულიგნობაში მხილებულ პირებს შეეზღუდებათ სტადიონზე შესვლა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მენეჯმენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც სიძულვილის ენა დაგმო და ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირება დააანონსა.
კონფერენსლიგაზე აზერბაიჯანულ „ზირასთან“ წაგების და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობისა და მოთამაშეების მიმართ აგრესია არ წყდება.
„ქუთაისის „ტორპედო“ გმობს სტადიონზე სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქცევის ყოველგვარ გამოვლინებას.
კლუბისთვის პრინციპულად მიუღებელია ისეთი გარემო, სადაც ილახება ადამიანის ღირსება.
შესაბამისად, დაუშვებლად მივიჩნევთ მატჩზე იმ პირის დასწრებას, რომლის ქცევაც შეურაცხყოფს ფეხბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს, კლუბის წარმომადგენელს, მოწინააღმდეგე გუნდის წევრს ან ნებისმიერ გულშემატკივარს.
ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება. მსგავს ქმედებაში მონაწილე პირებს შეეზღუდებათ სტადიონზე დასწრების უფლება, ხოლო თითოეული შემთხვევა შეფასდება მოქმედი კანონმდებლობისა და სტადიონის რეგლამენტის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით.
„ტორპედო“ მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი ქცევით ხელს უწყობს უსაფრთხო, ღირსეულ და პატივისცემაზე დაფუძნებული საფეხბურთო გარემოს შექმნას“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.