ქუთაისის შემოვლით გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა
ქუთაისის შემოვლით გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა

ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე დღეიდან სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რადარები აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.

ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციები მოეწყობა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ თვეში დედაქალაქში 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას განაგრძობს.