ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის დირექტორს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, „საქპატენტის“ თავმჯდომარესთან, სოსო გიორგაძესთან ერთად ესტუმრა.
დელეგაციას KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების გეგმებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში WIPO-ს აკადემიის დირექტორი შეხვდა ამავე პროგრამის კურსდამთავრებულებს და, ასევე, სტუდენტებს, რომლებიც წელს ჩაირიცხნენ სამაგისტრო პროგრამაზე. ჩენმა მათთან ერთად განიხილა სწავლების სპეციფიკა, მეთოდოლოგია და მიდგომები, ასევე საქართველოში და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივები. ხაზი გაესვა პროგრამის უნიკალურობას და უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებას, KIU-ს აკადემიურ პერსონალთან ერთად, WIPO-ს ინიციატივითა და დაფინანსებით, უძღვებიან პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. მათ შორის არიან: ენრიკო ბონადიო, დიდი ბრიტანეთის City University of London-ის პროფესორი; ალესანდრო კოგო, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი; შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები – დომინიკ ფორე და გაეტან დე რასენფოსი; ასევე დიოგო კოშტა კუნია, რომელიც სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევების ცენტრის (CEIPI) პროფესორია და WIPO-ს დელეგაციასთან ერთად ქუთაისში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს WIPO-ს, KIU-სა და „საქპატენტს“ შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზე, უშუალოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაინერგა აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა. 2025 წლის KIU-მ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო, წელს კი 27 სტუდენტი ჩაირიცხა. მათ შორის – 19 საქართველოს მოქალაქე და 8 უცხოელი სტუდენტია. უცხოელთაგან 5 სტუდენტის სწავლისა და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს სრულად დააფინანსებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO). კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას KIU-ს კანცლერთან, ლევან კოპალიანთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, „საქპატენტის“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია. სტუმრებმა ვიზიტის დასასრულს დაათვალიერეს უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.