ქუთაისის პარლამენტში ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ
ქუთაისის პარლამენტში ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელსაც საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარადგენს.

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისას ძალიან ამბიციური მიზანი დაისახა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფუნდამენტურად შეცვლილიყო, რაც პარლამენტის მიერ განხორციელდა.

მისი განცხადებით, სამწუხაროდ, იმის საშუალება არ იყო, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით სიღრმისეულად მსჯელობა გამართულიყო, რადგან პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო.

„დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ საკითხებზე აკადემიური ფორმით ვიმსჯელოთ და ეს შესაძლებელია აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად. პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ორი მიზანი დაუსახა. პირველი იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა სამართლებრივ პრინციპებთან და ამ კუთხით მოქმედ კონსტიტუციაში უამრავი ხარვეზი იყო.

ჩვენი მიზანი იყო კონსტიტუციის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან მოყვანა, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეხება. ჩვენი მიზანი ასევე მმართველობის სისტემის დახვეწა იყო, რადგან დღეს დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემა მოქმედებს და ის ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს არ შეესაბამება.

ნებისმიერი კონსტიტუციის მიზანია, რომ ავტოკრატია გამოირიცხოს და დღევანდელი დოკუმენტი ამას არ გამორიცხავს, რომელიც 2010 წელს იყო მიღებული. ისეთი დოკუმენტი მივიღეთ, რომლის პირობებში ავტოკრატიის ჩამოყალიბება შეუძლებელია“, – აღნიშნა კობახიძემ.

ახალი კონსტიტუციური პროექტით, ერთის მხრივ, 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვება ხდება და მეორეს მხრივ, ე.წ. ბონუსს სისტემის გაუქმება. ამასთან, ცვლილებები ეხება რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჩანაწერებსაც.

დატოვე კომენტარი