ქუთაისის მერმა ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
ქუთაისის მერმა ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით ქუთაისის მერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, კომპანია, რომელმაც ტენდერით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, 140 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„1 მლნ 200 ათასი ლარის ღირებულების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში „ჯეოსერვისმა“ გაიმარჯვა, რომელმაც, როგორც გაირკვა, ქვეკონტრაქტორ ფირმა „ელბიგრუპს“ თანხა არ გადაურიცხა. ამის გამო, შეჩერდა სამუშაოები. მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელშეკრულება გავწყვიტოთ აღნიშნულ კომპანიასთან. გარდა ამისა, კომპანია 140 ათასი ლარით დაჯარიმდება“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მარტის თვის ბოლოს დაიწყო და სამი თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. პროექტი გზის საფარის, ტროტუარების შეცვლასა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას ითვალისწინებდა.