ქუთაისის მერიასთან ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს
ქუთაისის მერიასთან ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში, მერიის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია” წევრებმა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მერიასთან მივიდნენ შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტებით: „შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას”, „არა სიძულვილის ენას”, ნანა კოსტავა – ქალაქის სირცხვილი”.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

მათი თქმით, სიძულვილის ენა მიუღებელია და აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.

ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.