ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისის შეფერხება თვითმფრინავზე მეხის დაცემამ გამოიწვია
ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისის შეფერხება თვითმფრინავზე მეხის დაცემამ გამოიწვია

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები საკუთარ რეისს ამ დრომდე ელოდებიან. ავიარეისი ლარნაკას მიმართულებით 12:45 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ის ოთხი საათის დაგვიანებით შესრულდება.

„გვეუბნებიან, რომ ფრენა 16:45 საათისთვის გადაიდო. რეისის გადადების მიზეზად კი, თვითმფრინავზე მეხის დაცემას ასახელებენ. დილის 06:00 საათზე საბერძნეთის მიმართულებით გაფრენილ თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც, ის ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში დაჯდა“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას მგზვრმა სერგო გალუსიანმა.

ამასთან, ქუთაისის აეროპორტმა მგზავრების საყურადღებოდ განცხადებაც გაავრცელა:

„ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ტრანსპორტირება სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს ავიაკომპანია.

ამ ეტაპზე, ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს, 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები: W66403(ქუთაისი- ლარნაკა) გეგმიური გაფრენა 12:45, W66409 (ქუთაისი- მემინგენი) გეგმიური გაფრენა 18:25.

დეტალურ ინფომაციას რეისების და განრიგში ცვლილებების შესახებ მიიღებთ ჩვენი საინფორმაციოს საშუალებით: 0431 23 70 00; 0431 23 70 01“, – აღნიშნულია განცხადებაში.