ქუთაისის 119-ე უბნის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მარკირების პრობლემა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიქმნა
სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენელი ხათუნა არველაძე აცხადებს, რომ ქუთაისის 119-ე საარჩევნო უბანში კანონდარღვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, უბანზე მიდიან ადამიანები, რომლებსაც მარკირება აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ მანდარინი აქვთ ნაჭამი.
„ეს არის დიდი დარღვევა და დანაშაული. ბევრმა დამირეკა სხვადასხვა უბნებიდანაც. უბნის თავმჯდომარე ინფორმირებულია, თუმცა ამ ფაქტს უარყოფს. საეჭვოა, რომ დილიდან ამდენმა ადამიანმა ჭამა მანდარინი, თან არჩევნების დღეს”,-განაცხადა ხათუნა არველაძემ.
119-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კესო ვაშაყმაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა უბანზე რომელსაც მანდარინი ჰქონდა ნაჭამი, ხელის დაბანის შემდეგ კი, ლაქები აღარ აღენიშნებოდა, აქედან გამომდინარე კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და მიაცემინა ხმა.