„ქუთაისი“ ფიბა ევროპის თასზე ესპანეთში „ბილბაოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ფიბა ევროპის თასის მორიგი მატჩი გამართა ქუთაისი 2010-მა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ესპანეთში „ბილბაოს“ შეხვდა და ბასკურ კლუბთან 63:91 დათმო.
ქუთაისელებმა პირველი პერიოდი მოიგეს. მისასალმებელია, რომ ქართულ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშეები გამოირჩეოდნენ – გიორგი სულაბერიძისა და ბაქარ ბერეკაშვილის მონდომებით ქუთაისელებმა პირველი პერიოდის ბოლოს მოახერხეს ბილბაოელთა ჩამოტოვება და 2-წუთიან შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 18:16.
მეორე ათწუთეულში ესპანურმა გუნდმა სავსე ტრიბუნების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე მოახერხა დაწინაურება. აღსანიშნავია, რომ დარბაზში ქართველებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ხუთჯვრიანი დროშებით შეიარაღებულნი ამხნევებდნენ ქუთაისელებს. დიდი შესვენებისთვის „ბილბაო“ 10 ქულით გალიდერდა – 38:28.
მეორე ნახევარში თამაში მასპინძელთა კარნახით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.
ქართულ კლუბში სარგებლიანობით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. Აკაკიმ 9-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა. 12 ქულით ბომბარდირი გახდა ელია ჯოინერი, მარქილ სმიტმა 11 ჩააგდო, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. შედეგიანი იყო 19 წლის ბაქარ ბერეკაშვილის გამოსვლა, რომელმაც 23 წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
„ქუთაისი“ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობას 13 ნოემბერს დაასრულებს, როცა ბოლო ტურის მატჩში თბილისში ბულგარულ „ბალკანს“ უმასპინძლებს.