ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს
ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-10 საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს.

მათივე ცნობით, ევროპის საბჭოსთან ერთად ფორუმის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფორუმის სახელწოდებაა „მდგრადი კულტურული მარშრუტები კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ“.

„პანდემიის გათვალისწინებით ფორუმი ტარდება ონლაინრეჟიმში. ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირს შეუძლია დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ონლაინდისკუსიებში. ფორუმი გაიმართება სამ სამუშაო ენაზე: ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე, სინქრონული თარგმანის დახმარებით“, – აღნიშნულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.