ქუთაისი ევროპის გრან პრის ეტაპებს უმასპინძლებს
ქუთაისი ევროპის გრან პრის ეტაპებს უმასპინძლებს

12 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო ევროპულ 7-კაცა და 7- ქალა გრან პრის ერთერთ ეტაპს უმასპინძლებს. ტურნირი 2020 წლის 13-14 ივნისს ქუთაისში ჩატარდება. ყველა შეხვედრას „აია“ არენა უმასპინძლებს, რომელიც 5 ათასამდე გულშემატკივარს იტევს.

2013 წლამდე ტურნირს ევროპის 7-კაცას ჩემპიონატი ეწოდებოდა, ახლა კი ის სამ დონედ იმართება – ევროპის გრან-პრი, ალაფა და კონფერენც დივიზიონი. გრან პრიზე ოთხი ეტაპი იმართება, სადაც 12-ივე გუნდი, თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით ქულებს იღებს და გამარჯვებული, სხვადასხვა ადგილოსანი და ალაფაზე დაქვეითებული გუნდი მათი ჯამის მიხედვით ვლინდება.

ორ ეტაპად იმართება 7-ქალას გრან პრი და გამარჯვებული აქაც ქულათა ჯამით ირკვევა.

გოჩა სვანიძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი) : “მინდა მივულოცო ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ქუთაისელებს ამ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება. ქვეყნისთვის, მისი ტურისტული პოტენციალის ამაღლებისთვის ეს ძალიან კარგია.ქუთაისის აეროპორტიდან იაფი და პირდაპირი ფრენები ხორციელდება ევროპის არაერთ ქალაქში. ტურნირზე ჩამოსული სპორტსმენები და გულშემატკივრები არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მარტვილის და ოკაცეს კანიონებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან წყალტუბოს პოტენციალს, რომელიც სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

რაც შეეხება სუფთა სპორტულ მხარეს, როგორც კაცებში, ასევე ქალებში, საქართველოში ძალიან კარგი ნაკრებები ჩამოდიან და ეს 7-კაცას პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.მართალია, ჩვენი 7-კაცა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოხვდა, მაგრამ სამომავლოდ იმედს არ ვკარგავთ და აუცილებლად ჩამოვაყალიბებთ ისეთ კარგ გუნდს, რომელიც მიზნის მიღწევას მოახერხებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ქალთა რაგბის განვითარებას და ასეთი მაღალი დონის ტურნირების მასპინძლობა ამაში აუცილებლად დაგვეხმარება“.