ქუთაისელთა სლოვაკმა ახალწვეულმა დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო]

ქუთაისის “ტორპედოს” სლოვაკმა ახალწვეულმა მარეკ ჰლინკამ ახალ გუნდში თავი პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა და გუნდს ფოთის “კოლხეთთან” მოგებაში დაეხმარა.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-18 ტურში, “ტორპედომ” მიიღო “კოლხეთი 1913”, რომელიც მკაცრად დასაჯეს – შეგახსენებთ, რომ დღეს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ, უეფა-ს შესაბამისი სამსახურიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ფოთელებს ექვსი ქულა დააკლო და ხუთ მოთამაშეს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიასა და თორნიკე ჯიმშელეიშვილს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა – ანგარიში 21-ე წუთზე მარეკ ჰლინკამ გახსნა. 59-ე წუთზე ფოთელთა კარი მეორედ გრიგოლ დოლიძემ აიღო, ხოლო წერტილი 66-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ დასვა და “ტორპედომ” 3:0 გაიმარჯვა.

ქუთაისელებმა ეროვნული ლიგის პირველი ნახევარი 24 ქულით და მე-5 ადგილით დაასრულეს, ხოლო “კოლხეთს” ქულები დააკლეს და რვა ქულით ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა.