ქუთაისელი გულშემატკივრების ჯგუფი - მივიღეთ გარანტიები, რომ „ტორპედო“ ისევ წარმატებული კლუბი გახდება #1TVSPORT
ქუთაისელი გულშემატკივრების ჯგუფი გამოეხმაურა „ტორპედოში“ „ნიუ ვიჟენის“ მისვლას, რომელიც ჯერ სპონსორად გაფორმდა, მაგრამ სამომავლოდ გუნდის მეპატრონეობა სურს.
განცხადება სოციალურ ჯგუფში „ჩვენ ვართ ტორპედო“-მ გაავრცელა და იმედი გამოხატა, რომ ახალი ჯგუფის გეგმების განხორციელების შემთხვევაში ქუთაისური კლუბი წარმატებული იქნება.
„როგორც უკვე იცით, „ტორპედოს“ კომპანია „ნიუ ვიჟენის“ სახით ახალი სპონსორი ჰყავს. ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. დავით კერესელიძე, ვინც მომდევნო წლებში „ტორპედოს“ წარმატებაზე პასუხისმგებელი იქნება, გასულ დღეებში კლუბის ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ფანებს შეხვდა. მივიღეთ გარანტიები, რომ „ტორპედო“ ისევ წარმატებული კლუბი გახდება და მალე დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია. კერესელიძეს „ტორპედოსთან“ დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჩვენი კლუბი ნამდვილად წარმატებული იქნება. ამ ეტაპისთვის კლუბში არსებული ფინანსური პრობლემა სწორედ მის მიერ მოგვარდა. ჩვენ, გულშემატკივრები, ქალაქი გვერდში დავუდგებით და ყველაფერში მხარს დავუჭერთ დავით კერესელიძეს თუ დავინახეთ, რომ ის ყველაფერი, რასაც დაგვპირდა, რეალურად კეთდება. კონკრეტულად რა გეგმები აქვს ახალ სპონსორს, ამაზე ის თავად ისაუბრებს, ჩვენ კი მადლობას ვუხდით მძიმე პერიოდში კლუბში მოსვლისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია განცხადებაში.
თუმცა, საქართველოს პირველ არხს აცნობეს, რომ „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი, აიეტ კუკავა, რომელსაც ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენა ასევე სურს, კლუბის შესყიდვას შეეცდება და საამისოდ იბრძვის.