ქუთაისელი გულშემატკივები „ტორპედოში“ რეფორმებს და მწვრთნელის გაშვებას ითხოვენ #1TVSPORT

15:58, 01.09.2026

ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ქუთაისის „ტორპედო“ შინ ტყიბულის „მეშახტესთან“ 0:2 დამარცხდა. ამას გულშემატკივართა კლუბის, „ჯუნგლების“ საგანგებო განცხადება მოყვა, სადაც ისინი რეფორმებს და მთავარი მწვრთნელის, დირკ შუსტერის გათავისუფლება ითხოვენ.

„5 წელია, გენდობით, 5 წელია, გვერდით გიდგავართ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს ზღვარი. ერთ წელზე მეტია, ვამბობდით, რომ შუსტერი ამ გუნდში შედეგს ვერ დადებდა. ამას თავიდანვე ვხედავდით.

თავი მოიტყუეთ და იმაზე მეტი დრო დრო მიეცით, ვიდრე იმსახურებდა. როცა მწვრთნელით უკმაყოფილოა ფეხბურთელი, გულშემატკივარი და მთელი ქალაქი, როცა მის გუნდს არ აქვს არც ხასიათი, არც იდეა, არც პროგრესი და არც შედეგი, მისი აქ ყოფნა არავის ახარებს.

ახლა კი იქამდე მივედით, რომ გუნდი დემორალიზებული, დაშლილი და ფსიქოლოგიურად გატეხილია. ჩემპიონობაზე და ევროტურნირებზე საუბარი არაა.

უნდა დაიდოს კონკრეტული გეგმები და გარანტიები, რომ კლუბში რადიკალური ცვლილებები განხორციელდება – და არამხოლოდ მწვრთნელის ცვლილება. პრობლემა მხოლოდ მასში არაა და ამას ყველა კარგად ვხედავთ. ხუთი წლის განმავლობაში გენდობოდით, გვერდით გედექით, თქვენ მიმართ არანაირი პროტესტი არ გვქონია, რადგან ვხედავდით და ვაფასებდით იმ კარგ საქმეებს, რაც კლუბში კეთდებოდა.

მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: თუ შედეგი არ გვაქვს, ყველაფერს დანარჩენს ჩვენთვის მნიშვნელობა ეკარგება. არ გვჭირდება მხოლოდ გარემონტებული ბაზა; არ გვჭირდება მხოლოდ ახალი სავარჯიშო და სამედიცინო ინფრასტრუქტურა; არ გვჭირდება მხოლოდ ფანშოპი; არ გვჭირდება მხოლოდ მაღალი ხელფასები და ძვირად ღირებული ფეხბურთელები. ჩვენ გვჭირდება ძლიერი გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ტიტულებს იგებს; ჩვენ გვჭირდება „ტორპედო“, რომლის თამაშითაც ვიამაყებთ! ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელიც მოედანზე ბოლომდე იხარჯება; ჩვენ გვჭირდება შედეგი. ეს არის მთავარი და არა ლამაზი შეფუთვა შედეგის გარეშე.

და კიდევ ერთი: არც ფეხბურთელების მონდომებითა და თამაშით ვართ კმაყოფილები. არ იგრძნობა, რომ ისინი თამაშობენ ამ კლუბისთვის, ამ ლოგოსთვის, ამ ფერებისთვის, ამ ქალაქისთვის და ამ გულშემატკივრისთვის.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს: „ტორპედო“ ფულის საჭრელი მანქანა და ვიღაცის პირადი ბიზნესი არ არის. ეს არის კლუბი, რომელსაც უდიდესი ისტორია, ტრადიცია და გულშემატკივარი უმაგრებს ზურგს. და სანამ ჩვენ აქ ვართ, არავის მივცემთ უფლებას, ეს კლუბი საკუთარ ბიზნესად აქციოს.

ახალი სეზონიდან ველოდებით: რადიკალურ ცვლილებებს; არა დაპირებებს; არა სიტყვებს; არა კიდევ ერთ „დრო გვჭირდება“-ს, არამედ საქმით დამტკიცებულ ცვლილებებს. და თუ ასე არ მოხდა, მოგვიწევს გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა. ჩვენი მოთმინება უსასრულო არ არის“, – წერია გულშემატკივრების განცხადებაში.

მსგავსი