ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ პირველ არხს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს. რაც შეეხება მეექვსე დაკავებულს, მის ადვოკატთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ამიტომ მისი პოზიცია უცნობია.

როგორც დაკავებული მ.დ.-ს ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ გამოძიებას მხოლოდ პოლიციელის ჩვენება აქვს. მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას აპირებენ.

როგორც ღურწკაიამ აღნიშნა, მ.დ-ს ბრალეულობას არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს.

ზ.კ-ს ადვოკატი ნუგზარ ბირკაია ქურდულ გარჩევებში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ზ.კ. მუშაობს და ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები.

აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას გეგმავს საქმეზე დაკავებული ლ.გ.-სა და გ.ო.-ს ადვოკატი შოთა მანელიძე.

„საერთოდ, ქურდული შეკრებისა და ქურდული სამყაროს ცნება ძალიან ფარდობითია. ბრალდების მხარე ეფუძნება მხოლოდ აბსტრაქციას, ბუტაფორიული მოსაზრებები აქვთ და სურთ, წარმოაჩინონ, როგორც დანაშაული“, – განაცხადა მანელიძემ.

ბრალს არ აღიარებს არც თ.ვ. მისი ადვოკატი ონისე მარგიანი აცხადებს, რომ საქმეში ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

შსს-მ ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.