ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2003 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია გაქურდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ს.ს.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.