„ქრუსეიდერსის“ სათამაშო გეგმა - 2-4-2-ის საიდუმლო
„ქრუსეიდერსის“ სათამაშო გეგმა - 2-4-2-ის საიდუმლო

შესაძლოა „ზე რაგბის“ მოქმედი ჩემპიონი „ქრუსეიდერსი“ პატარა დეტალებს სხვა კლუბებზე მეტ ყურადღებას აქცევს, მაგრამ მათი წარმატების უმთავრესი მიზეზი სათამაშო გეგმაში შეტანილი სიახლეებია.

მიუხედავად იმისა, რომ ზელანდიური გუნდების უმეტესობა შეტევისას 1-3-3-1 სისტემას მისდევს, „ქრუსეიდერსმა“ 2-4-2 სისტემა დანერგა.

ზედაპირულად განვიხილოთ ორივე სისტემის მახასიათებლები და მათ შორის სხვაობა:

2-4-2-ის დროს რვა მორკინალი მოედანზე შემდეგგვარად განაწილდება –

მოედნის შუა ნაწილში სამი მორაგბეა – ორი ბურჯი, კვაჭი და მხტომელი (3,1,2,5). ორი მესამე ხაზელი (7,6) კიდესთან ახლოს 15 მეტრიან სივრცეს ავსებენ, ხოლო შემკვრელი (8) და მხტომელი (4) ანალოგიურ სივრცეს მოედნის მეორე კიდეში იკავებენ.

აღნიშნულ ფორმაციას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს –

  • დაცვას ხაზის მოედნის მთელ სიგანეზე გაშლა უწევს და მცველებს შორის სივრცეები იზრდება
  • მიწაზე თამაში ბევრად უსაფრთხო და სწრაფია, რადგან მოედნის თითოეულ მონაკვეზე რაქის გასასუფთავებლად მინიმუმ ორი მორკინალი დგას
  • მორკინალებს ბურთის შესანახად ბევრი სირბილი არ უწევთ, ბურთი თავად მიდის მათთან – შესაბამისად თამაშისას მეტი ენერგია იზოგება

სისტემას, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა მახასიათებელი აქვს (ცენტრების და ფრთების ფუნქციები და ა.შ.), თუმცა მათი განხილვა შორს წაგვიყვანს.

2-4-2 – ვიდეო მაგალითი

რაც შეეხება 1-3-3-1 შეტევით ფორმაციას – ამ დროს მოედნის კიდეებთან ხუთ მეტრიან ზონებს მესამე ხაზელები იკავებენ (6 და 7). დარჩენილი სივრცის ნახევარზე პირველ ხაზელები დგანან (1,2,3), ხოლო მეორე ნაწილს კი მხტომელები და შემკვრელი ავსებენ (4,5,8).

1-3-3-1 ფორმაციისას. ორი ათლეტური მორკინალი (კვაჭი ან/და მესამე ხაზელი) უფრო მცირე გაბარიტების მქონე მეტოქეებზე, როგორც წესი უკანახაზელებზე მიდიან და მანძილს იგებენ. დანარჩენი მორკინალების საქმე კი რთული ინდივიდუალური მიძალებები და რაქების გასუფთავებაა.

1-3-3-1 ვიდეო მაგალითი

სისტემა ძალიან ეფექტურია და შესასრულებლად ოდნავ მარტივი, თუმცა 2-4-2-ის შემთხვევაში მორკინალებს შეტევისას უფრო ხშირად უწევთ ბურთით თამაში და თუკი მათი პასის ტექნიკა მოწოდების სიმაღლეზეა, კარგად წამოწყებული შეტევის შეჩერება ძალიან რთულია.

სისტემებს შორის მორიგი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ 2-4-2-ისას მოედნის თითოეულ მონაკვეთში გყავს როგორც სწრაფი, ასევე ჯანიანი მორკინალი. ბურთი კიდიდან კიდემდე უფრო ხშირად და სწრაფად ჩადის. ფორმაცია მორაგბეებისგან დახვეწილ სარაგბო უნარებს მოითხოვს, თუმცა „ზე რაგბის“ ჩემპიონებისათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

„ქრუსეიდერსი“ კიდის ხაზთან ახლოს უფრო ხშირად თამაშობს ვიდრე სხვა კლუბები.  ქრაისთჩერჩელები ეფექტურად იყენებენ იმ ფაქტს, რომ პირველიდან თხუთმეტ ნომრამდე თითოეულ მორაგბეს ბურთის სწრაფად მიღება-გაშვების უნარი აქვს.

1-3-3-1 სისტემისას გუნდის შეტევების დამწყები ძირითადად ცხრა ნომერია, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ის რთავს მორკინალებს თამაშში. რაც შეეხება 2-4-2 სისტემას, ცხრა ნომერს ბურთი როგორც წესი მგეზავზე (ან პირველ მიმღებზე) გააქვს, რომელიც შემდეგ ან მორკინალებს ათამაშებს, ან სიღრმიდან უკანა ხაზელებს რთავს შეტევაში. 2-4-2 ფორმაციისას თითოეული ფაზისას მეტი გადაცემა კეთდება, რაც ზრდის შეცდომის რისკს, თუმცა მეტოქის დაცვის ხაზში სივრცეებს ეფექტურად ქმნის.

„ჰარიქეინზს“ ბურთის კიდიდან კიდემდე ჩასათამაშებლად შეტევის საშუალოდ სამი ფაზა სჭირდება, სისტემური შეტევისას „ქრუსეიდერსი“ იგივე შედეგს ორ ფაზაში აღწევს. ამ ყველაფრის შედეგი კი ისაა, რომ ნაკლები რაქი იქმნება, შეტევის ტემპი უფრო მაღალია და თითოეულ მორაგბეს ბურთთან ურთიერთობა უწევს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ბოლო კომპონენტი, ანუ ბურთთან ურთიერთობაა. შეტევაში ჩართულობა მორაგბეს თამაშისას მეტ სიამოვნებას ანიჭებს და მოტივაციას მატებს. მსოფლიოში რამდენ გუნდში აქვს მხტომელს (4,5) შანსი რომ კიდესთან ახლოს ბურთი მიიღოს და სწრაფი გადაცემით ფრთა ცარიელ სივრცეში შეუშვას? სქოტ ბარეტს და სემ ვაითლოქს ამის გაკეთება საკმაოდ ხშირად უწევთ.

თამაშისას მიღებული სიამოვნება უმნიშვნელოვანესია, რადგან გუნდს ერთიანობის შეგრძნება უღრმავდება. რა თქმა უნდა სისტემის გამოყენების მთავარი დადებითი მხარე მისი ეფექტურობაა, თუმცა 2-4-2-ს ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა სწორედ მთელი გუნდის შეტევით თამაშში ჩართულობა და მისგან მიღებული ერთი შეხედვით უჩინარი შედეგია.

მომზადებულია Rugbypass.com და TheRoar.com-ის მიხედვით.

ვიდეოების წყარო – YouTube.