ქრთამის აღების ბრალდებით „როსგვარდიის“ უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია „როსგვარდიის“ უფროსის ყოფილი მოადგილე.
კომიტეტის მიერ 7 ივლისს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალ-პოლკოვნიკი ვიკტორ სტრიგუნოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, როდის დააკავეს სტრიგუნოვი.
როგორც აღნიშნული განცხადებიდან ირკვევა, საქმე ეხება კემეროვოს ოლქში სასწავლო ცენტრის მშენებლობას, რომელსაც სტრიგუნოვი კურირებდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ცენტრის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი 2014 წელს გაფორმდა, თუმცა ის არ აშენებულა.
გამოძიების მიხედვით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 2 მილიარდ რუბლს აღწევს. ამასთან ერთად, სტრიგუნოვს ადანაშაულებენ კომერციული ორგანიზაციებისგან 66 მილიონი რუბლის ოდენობით ქრთამის მიღებაში. განცხადებაში არ წერია, აღიარებს თუ არა „როსგვარდიის“ უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალს. წარსულში სტრიგუნოვი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შინაგანი ჯარის მეთაური. მის საქმიანობას უკავშირდებოდა აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი გამოძიება, რომლის მიხედვითაც, სტრიგუნოვის მეუღლე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ფლობს. 2023 წელს სტრიგუნოვი გაათავისუფლეს „როსგვარდიის“ უფროსის მოადგილის თანამდებობიდან და ის ამავე უწყებაში უფროს მრჩევლად მუშაობდა. სტრიგუნოვი რამდენიმე ქვეყნის შავ სიაშია შეყვანილი „როსგვარდიის“ უკრაინის ომში მონაწილეობის გამო.