ქრისტინე ქარდავა - მივიღეთ ინფორმაცია, რომ მამა მანქანიდან ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა, ჩამოცმული ჰქონდა შავი ქუდი, ნებით რომ არ მოდიოდა, ეტყობოდაო, პიროვნება, ვინც ამას ადასტურებდა, შემდეგ გაქრა
ვიგებთ, რომ ვიდრე მანქანა ხურჩის ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, 11-დან 12 საათამდე დაფიქსირებული იყო ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისთან. ბიძაჩემი, მთელი სანათესაო წავიდნენ, რომ გაერკვიათ, რა ნახა იქ მოსახლეობამ, იქნებ ვინმემ გადმოიყვანა პაატა მანქანიდან. მოიტანეს ინფორმაცია, რომ მანქანა მართლაც იდგა ამ ტერიტორიაზე, მიუდგა გვერდით „ნივის“ მარკის მანქანა, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოფილი თანამშრომელის, პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ქრისტინე ქარდავამ აღნიშნა, გამომძიებელს შეატყობინეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პაატა ქარდავა თავისი მანქანიდან სხვა მანქანაში გადასვეს და ამის თვითმხილველიც არსებობდა.
ქრისტინე ქარდავას განმარტებით, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ როდესაც მოიძია მსგავსი პიროვნება, ვერ იპოვა, ხოლო მეზობლებმა უარყვეს ქარდავას მანქანის და „ნივის“ ერთად ნახვის ეპიზოდი.
„მამა გათიშულ მდგომარეობაში ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა – ჩამოცმული ჰქონდა შავი ქუდი და ნებით რომ არ მოდიოდა ეს ადამიანი, აშკარად ეტყობოდაო. იმ დღესვე შევატყობინეთ გამომძიებელს, რომ არის პიროვნება, ვინც ადასტურებს, რომ გადაიყვანეს მანქანიდან და სხვა მანქანაში გადასვეს, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ ეს პიროვნება გაქრა. ჩვენ ამ პიროვნების სახელი და გვარი არ ვიცოდით და მოგეხსენებათ, რა დრო იყო, ყველა თავს არიდებდა ინფორმაციის მოცემას. იქ მისულმა გამომძიებელმა, რომელმაც მოიძია ეს პიროვნება, გვითხრა, რომ ასეთი პიროვნება ვერ ვიპოვეთ, მეზობლები რომ დავკითხეთ, გვითხრეს, რომ არაფერი გვინახავსო. ამით დაიხურა ეს თემა, აგვირიეს გზა-კვალი. შემდეგ, დროთა განმავლობაში მოდიოდა ინფორმაციები, რომ პაატა გადავიდა აფხაზეთში, რომ იქ არის და ვიღაც ტყვეებზე უნდათ მისი გაცვლა. არ ინერვიულოთ, გავცვლით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მამათქვენიო, – ამას გვეუბნებოდა ერთ-ერთი პიროვნება – ნანა ფიფია, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, ჩვენ მასზე შემდეგ საჩივარიც შევიტანეთ, რადგან ფული გამოსძალა ბიძაჩემს, აფხაზეთში უნდა გადავიდეო“, – განაცხადა პაატა ქარდავას შვილმა.
ქრისტინე ქარდავას თქმით, დრო მაქსიმალურად გაჰყავდათ, რომ ოჯახს არ ეხმაურა.
„დრო გაჰყავდათ მაქსიმალურად, რომ ჩვენ აქეთ იმდენი არ გვეხმაურა, მორიდებაც რომ გვქონოდა, მამა მართლა აფხაზეთში ხომ არ არის, სასწაული ხომ არ მოხდაო, რომ გვეფიქრა. ბაბუა მოკლეს აფხაზებმა და მამა მაგის შემდეგ აფხაზეთში არასდროს გადასულა, მამის საფლავზე არ იყო ნამყოფი და არც დავუშვებდი, რომ მამა სამშობლოს, თავის ოჯახს უღალატებდა და აფხაზებთან დაიჭერდა საქმეს“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც პაატა ქარდავას მკვლელობის საქმე განიხილება.