ქოჩორაშვილის „კასტელიონი“ ლა ლიგა 2-ში გადასვლისთვის იბრძოლებს, გაგუამ სეზონი გოლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „კასტელიონი“ ლა ლიგა 2-ში გადასვლისთვის იბრძოლებს. ეს ცნობილია გახდა ესპანეთის პრიმერა RFEF-ის II ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც ქართველის გუნდმა „რეალ სოსიედადი B“-სთან გასვლაზე 1:1 დაასრულა.
„კასტელიონი“ გაზაფხულამდე პრიმერა RFEF-ის II ჯგუფის ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო ტურებში პირველობა გაანიავა და მესამე ადგილი დაიკავა, „რეალ სოსიედადი B“-სთან გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ქართველმა ნახევარმცველმა „კასტელიონში“ 38-დან მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა და 4 გოლი გაიტანა. ახალი სეზონიდან კი, სავარაუდოდ, ლა ლიგა 2-ის „ლევანტეს“ დაუბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს.
„კასტელიონი“ ლა ლიგა 2-ში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში „დეპორტივო ლა კორუნიას“ დაუპირისპირდება, რომელიც ახლო წარსულში ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 4 ივნისს ქოჩორაშვილის გუნდი მეტოქეს ესტუმრება, ხოლო 11 ივნისს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
სეზონი დაასრულა გიორგი გაგუას „რეალ უნიონმა“, რომელმაც ბოლო ტურში „ლა ნუსია“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა 86 წუთი ითამაშა, 51-ე წუთზე ანგარიში გახსნა (მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა) და გუნდის გამარჯვებას სათავე დაუდო. „რეალ უნიონმა“ მე-13 ადგილი დაიკავა.