ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის ემზადება - ვალენსიელები შეთავაზებებს ელიან #1TVSPORT
ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის ემზადება - ვალენსიელები შეთავაზებებს ელიან #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი ევრო 2024-ის შემდეგ შვებულებიდან „ლევანტეს“ დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა, მაგრამ საეჭვოა, გუნდში დარჩეს, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა – ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემები – „დიარიო ასი“ და „მარკა“ ავრცელებენ.

„საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 23 ივლისს დილის ვარჯიშზე შეუერთდა და ახალი მწვრთნელის, ხულიან კალეროს ხელმღვანელობით სეზონისთვის მზადება დაიწყო.

ქართველი ნახევარმცველით ტოპლიგების კლუბები დაინტერესდნენ: სერია A-დან – „ტორინო“ და „ლაციო“, საფრანგეთის ლიგა 1-დან – „ტულუზა“, ესპანეთის ლა ლიგიდან – „ვილიარეალი“, ასევე, ბელგიის „ანდერლეხტი“.

ზაფხულში ქართველი ნახევარმცველის სხვა კლუბში გადასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. გიორგიმ ევრო 2024-ზე შესანიშნავად ითამაშა და „ლევანტეს“ ხელმძღვანელობა მის ტრანსფერთან დაკავშრებით სარფიან შეთავაზებას ელის.

სპეციალიზებულ პორტალ Transfermarkt-ზე ნახევარმცველი 2,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა „ლევანტე“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით ხუთ მილიონამდე თანხას ითხოვს. ნახევარმცველის დამატება რამდენიმე კლუბს სურს“, – წერს გამოცემა „დიარიო ასი“.

ქოჩრაშვილის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა „მარკაც“.

„ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშრებით „ლევანტე“ შეთავაზებას ელოდება და შესაძლო გარიგებით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვარაუდობს. ქართველმა ნახევარმცველმა ევრო 2024-ზე შესანიშნავად იასპარეზა და, შესაბამისად, მისი სატრასფერო ფასიც გაიზარდა.

„ლევანტეს“ საწყისი ფასი, მინიმუმ, ხუთი მილიონი ევროა. კლუბის გენერალური დირექტორი, ხოსე დანვილა სასურველ წინადადებას ელოდება. ყველაზე მეტად ერთ-ერთი ინგლისური კლუბი აქტიურობს, რომელსაც დაჟინებით სურს ქართველი ფეხბურთელის შეძენა.

„ლევანტემ“ სწრაფად იმოქმედა და ევრო 2024-ის დაწყებამდე 25 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ეს ესპანელების მხრიდან სტრატეგიული ნაბიჯი იყო იმ შესაძლო სცენარის გათვლით, რაც შეიძლებოდა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მომხდარიყო, ქოჩორაშვილი კი ტურნირზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახლდათ“.