ქოჩორაშვილი „ლა ლიგაში“ ითამაშებს - ქართველი სამი წლით „ლევანტეს“ შეუთანხმდა
გიორგი ქოჩორაშვილი „ლა ლიგაში“ ითამაშებს. 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა „ლევანტესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ითამაშებს. საყრდენი ნახევარმცველი (დაიბადა თბილისში 1999 წლის 29 ივნისს) გუნდთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, „ლევანტეს“ ფეხბურთელი გახდა. ქართველი ახალგაზრდა, შარშანდელ სეზონში „ჟირონაში“ ჩაირიცხა, იჯარით კი „პერალადაში“ გაემგზავრა, სადაც მან 28 მატჩში 1600 წუთი ითამაშა, მათგან 19 შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. გარდა ამისა, ქოჩორაშვილმა 2017/2018 წლის სეზონში საქართველოს ეროვნულ ლიგაში „საბურთალოს“ ფორმით სადებიუტო თამაში ჩაატარა“,- წერს „ლევანტეს“ ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი 2018/19 სეზონში „ჟირონაში“ იჯარით „საბურთალოიდან“ წავიდა, სადაც დაბრუნება არ ისურვა და მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, დროებით ბოლნისის „სიონში“ ითამაშებდა. გიორგი იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი და მისი ფორმით 2017 წელს საქართველოში ჩატარებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია.