ქოჩორაშვილი და „ლევანტე“ ლა ლიგაში გადასვლის შანსს ინარჩუნებენ - კვეკვესკირის „ლეხი“ დამარცხდა #1TVSPORT
„ლევანტემ“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ვილიარეალი B“ 3:0 დაამარცხა და ლა ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა 38-ე ტურის შეხვედრა სტუმრად ჩაატარა. გიორგი „ლევანტეს“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე გამოჩნდა.
ამ დროისთვის „ლევანტე“ 2:0-ს იგებდა. ვალენსიელებმა უპირატესობა შესვენების შემდეგ კიდევ უფრო გაზარდეს. ქართველის გუნდმა სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 55 ქულა დააგროვა და ლა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალის ზონაში მყოფ „სანტანდერს“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „რუხთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, რომელშიც პოზნანელები 84-ე წუთზე გაშვებული ბურთით დამარცხდნენ – 1:2. კვეკვესკირი 69-ე წუთზე შეცვალეს.
წაგების მიუხედავად, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ლეხი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა, რაშიც პოზნანელებს ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ კონკურენტი „გორნიკის“ (51 ქულა) დამარცხებით (5:0) დაეხმარა.