დავითაშვილმა საფრანგეთში მეშვიდე გოლი გაიტანა - „ბორდომ“ „აიაჩოს“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი „ბორდოში“, რომელმაც საშინაო შეხვედრაში „აიაჩო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში ჟირონდელების ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ანგარიში მე-6 წუთზე პედრო დიასმა გახსნა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა – ბურთი საჯარიმოში მიიღო და ეფექტური მოჭრილი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.

„ბორდომ“ უპირატესობა მეორე ტაიმის მიწურულს კიდევ უფრო გაზარდა. 87-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს და იოან ბარბემ საჯარიმო უნაკლოდ გამოიყენა – 3:0. 90+1-ე წუთზე კი ვიტალ ნსიმბამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ მოგებით „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში ადგილი, ფაქტობრივად, გაინაღდა.

ზურიკო დავითაშვილმა ბოლო შვიდ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე შვიდი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა, რაც მის უცხოურ კარიერაში საუკეთესო შედეგია.