ქობულეთში ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ქობულეთში ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანასოფლელს – თ.პ.-ს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა. ე.მ.-მ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაცნობი – 1968 წელს დაბადებული ვ.ვ., წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თანნაქონი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.