ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში თერმოსკრინინგი გრძელდება
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში თერმოსკრინინგი გრძელდება

აქტიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეში. ამ დროისთვის თერმოსკრინინგი უკვე 200-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. საერთო ჯამში კი, სამი დღის განმავლობაში 1 000-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა.

​როგორც სოფელ მუხაესტატეს მედდამ, ნანული ხარაზმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღეს გამოკვლეულ პირებს ტემპერატურის მატება ან რაიმე საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნებათ.

„უკვე 200-ზე მეტი ადამიანი შევამოწმეთ. მოსახლეობის უმრავლესობა სახლში იმყოფება და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რაც გაცემულია ხელისუფლების მხრიდან. შემოწმებულებიდან სხეულის ტემპერატურის მატება არ აღენიშნება არც ერთს. ჩვენ ვეკითხებით ბოლო ორი კვირის მანძილზე ხომ არ ჰქონდათ ან სიცხე ან რაიმე ჩივილი, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის“, – განაცხადა ნანული ხარაზმა.

​საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული.