ქობულეთის „შუქურას“ ყოფილი დირექტორი ირაკლი ბერიძე „გონიოში“ იმუშავებს #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურას“ ყოფილი დირექტორი ირაკლი ბერიძე ამიერიდან მე-4 ლიგის „გონიოში“ იმუშავებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გუნდის სპორტულ დირექტორად ირაკლი ბერიძე დაინიშნა. იგი 2013-2019 წლებში მუშაობდა ქობულეთის „შუქურას“ ლიცენზირების მენეჯერად, 2019-2022 წლებში იყო „შუქურას“ დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიპოვა ეროვნული ლიგის საგზური, მათ შორის ბოლოს – 2022 წელს.
მას შეუძლია, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს კლუბს ამ გარდამტეხ პერიოდში სერთიფიცირების, ლიცენზირების, იურიდიული თუ ტრანსფერების მიმართულებით. ბატონი ირაკლის დიდი გამოცდილება, ალღო და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს საამაყო კლუბ „გონიოს“ უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაში დაეხმარება. მიზანი კი ლიგა 3 და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალია. კეთილი იყოს ამბიციურ „გონიოში“ თქვენი მობრძანება“,- წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბერიძემ „შუქურა“ დეკემბერში დატოვა. „გონიო“ ბიზნესმენმა დავით დოლიძემ მეგობრებთან ერთად დააფუძნა და, კლუბის მაღალ ლიგაში დაწინაურების გარდა, გონიოში პელეს სახელობის სტადიონის აშენებას აპირებს. რაც მთავარია, „გონიომ“ მე-4 ლიგის კვალობაზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა.